საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება უვადოდ გაგრძელდება

ჩვენი კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორი ამირან გიგუაშვილი წლების განმავლობაში, როგორც ოჯახის ადვოკატი ჩართულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით, 2018 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული  საქმის დახურვა და გამოძიება გაგრძელდა 2023 წლის 31 დეკემბრამდე. 2023 წლის ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კი, ისეთ დანაშაულებზე, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ხანდაზმულობის ვადა საერთოდ გაუქმდა, შესაბამისად ეს ცვლილება გავრცელდა პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიებაზეც.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უცვლელად გთავაზობთ ამირან გიგუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„მეგობრებო,

ბევრი შეკითხვა მომდის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით 30 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, განზრახ მკვლელობის საქმეებზე, სადაც სასჯელის სახით თავისუფლების უვადო აღკვეთაა განსაზღვრული, ხანდაზმულობა გაუქმდა და ასეთი საქმეების გამოძიება აღარ არის შეზღუდული რაიმე ვადით. ვფიქრობ ეს ლოგიკურიცაა, რადგან ადამიანის სიცოცხლე შეუფასებელია და მკვლელი არ უნდა გაექცეს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმიტომ, რომ კანონით ამის გამო ხანდაზმულობის ვადაა დაწესებული. კონსტანტინე გამსახურდიას, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფლებამონაცვლეს და მე, როგორც მის ადვოკატს, ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და ვცდილობთ გავაკეთოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რათა დავეხმაროთ გამოძიებას. არ ვიცი რა გამოვა საბოლოოდ, ძალიან დიდი დროა გასული და ვერ გეტყვით რა შედეგებამდე მივალთ, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო თაროზე არ შემოიდება, გამოძიება გაგრძელდება და ჯერ კიდევ არსებობს თუნდაც მინიმალური შანსი, დადგინდეს სიმართლე ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს საქმეზე.

პატივისცემით და გამარჯვების იმედით

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი“