2024 წლის 21 ნოემბერი ისტორიული დღეა ქართული ადვოკატურისათვის. ბრიუსელში, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოების საბჭომ (CCBE), რომელიც 45 ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციასა და მილიონზე მეტ ევროპელ ადვოკატს აერთიანებს, ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის CCBE ასოცირებული წევრის სტატუსის მინიჭებაზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია 2008 წლიდან დღემდე CCBE დამკვირვებელი წევრის სტატუსით სარგებლობდა.
ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, ბატონ დავით ასათიანთან ერთად, ჩვენი საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი ამირან გიგუაშვილი და უფროსი იურისტი თეონა გუჯეჯიანი იმყოფებოდნენ.
ამავე ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ბატონ ვახტანგ მახარობლიშვილთან. ელჩმა დელეგაციას მიულოცა ქართული ადვოკატურის ევროპული აღიარება. შეხვედრაზე აღინიშნა ამ მოვლენის მნიშვნელობა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
ჩვენი ბიუროს სახელით ვულოცავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყველა წევრ ადვოკატს ამ დიდ წარმატებას!