♦ პრობლემის არსი:
მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მიმდინარე გამოწვევებს შორის, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია-ფულის გათეთრება) ფარგლებში მიმდინარე გამოძიება და მასთან დაკავშირებული პრობლემებია.
როგორც წესი, უმეტეს შემთხვევებში ამგვარი გამოძიება იწყება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პროკურატურისათვის გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე, სადაც კონკრეტული საბანკო ტრანზაქციები საეჭვოდ არის მიჩნეული.
პირველი საპროცესო მოქმედება, რასაც გამოძიება ატარებს, სასამართლო განჩინების საფუძველზე კომპანიის, მისი დამფუძნებლების და შესაძლო დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშების და უძრავი ქონებების დაყადაღებაა.
პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამოძიება მიდის ხანგრძლივად (ხშირად წლების განმავლობაში), ხოლო კომპანიას და ფიზიკურ პირებს შეზღუდული აქვთ როგორც საკუთარი საბანკო აქტივების, ისე უძრავი ქონებების განკარგვა.
პრობლემას წარმოადგენს ასევე საბანკო ანგარიშებსა და ქონებებზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი და ინფორმატიულობა. ძალიან ხშირად, სხვადასხვა საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი პრაქტიკულად იდენტურია და აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს, იმგვარად, რომ შეუძლებელიც არის ყადაღის გამოყენების რეალური საფუძვლების შემოწმება.
მართალია ფორმალურად პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში შესაძლებელია, მაგრამ როგორც არსებული პრაქტიკა აჩვენებს საჩივრების თითქმის აბსოლიტურ უმრავლესობას სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს და გამოძიების დასრულებამდე ყადაღებს ძალაში ტოვებს.
საკითხის აბსრუდულობა იქამდეც კი მიდის, რომ ქონებაზე ყადაღების დადების დროს, მესაკუთრეები ვერ ახერხებენ არა მხოლოდ ქონების გასხვისებას, არამედ სარგებლობას და გაქირავებასაც კი, რაც დამატებით ზიანს აყენებს მესაკუთრეს და არაპროპორციულად ზღუდავს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-19 მუხლით და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვინაიდან ხშირად საქმეზე პირს, რომელსაც საკუთრების უფლება შეეზღუდა, არ აქვს საპროცესო სტატუსი, მას ხელი არ მიუწვდება გამოძიების მასალებზე და შესაბამისად მისთვის საერთოდ უცნობია, თუ რატომ დაედო მის ქონებას ან საბანკო ანგარიშებს ყადაღა და რა მტკიცებულებები გააჩნია გამოძიებას მისი აქტივების უკანონობასთან დაკავშირებით.
♦ რა უნდა გააკეთოთ:
უპირველეს ყოვლისა პირს, რომელსაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოძიების ფარგლებში შეეზღუდა საკუთრების უფლება და ყადაღა დაედო მის აქტივებს, უნდა ესმოდეს ამ ტიპის გამოძიების სპეციფიკური ხასიათი.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) გამოძიებაში, მნიშვნელოვანია პროაქტიური მოქმედებების განხორციელება, რადგან ასეთი საქმეების საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტი გულისხმობს, რომ პირმა ვისი აქტივებიც გამოძიების ინტერესში მოხვდა, თავად უნდა ამტკიცოს მათი წარმოშობის კანონიერება.
რას ნიშნავს პროაქტიური მოქმედებები გამოძიების პროცესში.
თქვენ უნდა მოიძიოთ ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მტკიცებულებები, რომელიც თქვენი შემოსავლების, საბანკო ანგარიშების, ტრანზაქციების, ქონებების შეძენის კანონიერებას დაადასტურებს. ამ პროცესში შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ყველა დეტალი. თქვენს მიერ წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლები, გადახდილი გადასახადები, ოჯახის წევრების შემოსავლები, თქვენი კავშირები ბიზნესთან, საქმიან წრეებთან, სხვადასხვა ტიპის კომერციულ პროექტებთან და ა.შ.
თქვენ ვერ შემოიფარგლებით პასიური როლით გამოძიების პროცესში და ვერ გადააკისრებთ ბრალდების მხარეს თქვენს მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცების ტვირთს. ვინაიდან უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, როგორც დანაშაული დაკავშირებულია პრედიკატ (წინარე) დანაშაულთან, ამიტომაც თქვენ უნდა მოახერხოთ და დაარწმუნოთ გამოძიება, რომ არავითარ წინარე დანაშაულებთან თქვენ შემხებლობა არ გქონიათ და ყველა აქტივის წარმოშობის წყაროს დადასტურება შეგიძლიათ.
♦ რა გჭირდებათ თქვენი უფლებების და საკუთრების დასაცავად:
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია-ფულის გათეთრება) საერთაშორისო კატეგორიის ნორმაა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ სხვა ქვეყნების სამართალდამცავ სტურქტურებთან და სპეციალურ უწყებებთან (ევროპოლი, ინტერპოლი, ფულის გათეთრების და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები და ა.შ). შესაბამისად ამ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენ გყავდეთკვალიფიციური ადვოკატი.
ადვოკატი უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების სათანადოდ წარმოდგენას სამართალდამცავი ორგანოების წინაშე. გაასაჩივრებს უკანონო გადაწყვეტილებებს. შეაგროვებს და მოიძიებს საჭირო დოკუმენტაციას და მტკიცებულებებს. დაამყარებს აქტიურ კომუნიკაციას გამოძიებასთან. მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას და დაგეხმარებათ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
♦ გახსოვდეთ:
თქვენი მომავალი თქვენს სწორ და დროულ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. ადვოკატის მოვალეობაა იბრძოლოს თქვენი სიმართლის დასამტკიცებულად და თქვენი კონსტიტუციური უფლებების დასაცავად
საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მითითებულ ელ: ფოსტის და ტელეფონის მეშვეობით.