საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე

ჩვენი მმართველი პარტნიორი, ამირან გიგუაშვილი წლების განმავლობაში ჩართულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებაში და იცავს ოჯახის ინტერესებს. სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით და ზვიად გამსახურდიას შვილების, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიას რამდენიმედღიანი საპროტესტო შიმშილობის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული  პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის დახურვა და გამოძიება გაგრძელდა 2023 წლის 30 დეკემბრამდე. ამისათვის, ამირან გიგუაშვილის აქტიურობის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა სისხლის სამართლის საქმეებზე ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, ხოლო საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამ კანონს ხელი მოაწერა. ამირან გიგუაშვილის საქმეში ჩართვის შედეგად, თითქმის 15 წლის დაგვიანებით მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა და პირველი პრეზიდენტის ოჯახი საქართველოს პროკურატურამ ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ. ასევე ამირან გიგუაშვილის და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ერთობლივი სარჩელის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკანონოდ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმა, რომელიც დაზარალებულებს არ აძლევდა უფლებას სათანადოდ გაცნობოდნენ და გადაეღოთ გამოძიების საქმის მასალების ასლები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა:

კონსტიტუციური სარჩელი №1312 („კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით, საქართველოს კონსტიტუციის  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ამ გადაწყვეტილებით ათასობით დაზარალებულს მიეცათ უფლება მიიღონ საქმის მასალები და შესაბამისად უფრო ეფექტურად მოახდინონ საკუთარი უფლებების დაცვა.

ბრძოლა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე ისტორიული და სამართლებრივი ჭეშმარიტების დასადგენად გრძელდება.